четверг, 24 июня 2010 г.

"რა არის იმედი?"

ინტერვიუდ მასკირებული კერძო ექსპერიმენტი,
სუბიექტური ტერიტორიების დაზვერვა ურბანულ საველე პირობებში.
ქუთაისი. 2008


საზღვრის ნაცია



”მეთითქმისმივაღწიეჩვენისამყაროსკიდეს, დავნახესაგნები,ისეთი,როგორიცარიანისინი სინამდვილეში. სრულიადგანსხვავებულიიმისგან, როგორსაცმათჩვენთვის აკეთებენ. ჩვენთვისსასარგებლოდ...”
ფილიპდიკი. ” Time Out of Joint”

”დრო უმნიშვნელოა, მხოლოდ სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა”
ლუკ ბესონი, ”მეხუთე ელემენტი”

”ოდესღაც ჩვენ ზღვის ორგანიზმები ვიყავით და წყალქვეშ ვცხოვრობდით. აკვარიუმის ტყვეობაში მოქცეულნი, ვცდილობდით ზღვის ზედაპირის მიღმა გაგვეხედა და განგვეცადა თუ რამდენად დიდი იყო სამყარო, რომელიც ზევით გველოდებოდა”
ტიმოთი ლირი, ”ღმერთის შვიდი ენა”


ბავშვობაში მაინტერესებდა თუ რას განიცდიდა ქრისტეფორე კოლუმბი, როდესაც ფეხი სან სალვადორის მიწაზე დადგა. მაინტერესებდა ორი საუკუნის შემდეგ რას განიცდიდნენ პირველი კოლონისტები, როდესაც ველური დასავლეთის დაპყრობა დაიწყეს. ჩემს წარმოსახვაში ცოცხლდებოდა ათასობით კილომეტრზე - ტეხასიდან ჩრდილოეთ დაკოტამდე გადაჭიმული ფრონტირის ისტორია, რომელიც ნელ-ნელა დასავლეთისკენ მიიწევდა, უკან კი ათვისებულ და ველურ უმანკოება დაკარგულ მიწას ტოვებდა. მათი გზა სისხლით და ოფლით იყო გაჟღენთილი და ბურუსით მოცულ ჰორიზონტისკენ მიისწრაფვოდა. კოლონისტების თითოეული ნაბიჯი ქაოსის სამეფოს გამოგლეჯილი მიწის კიდევ ერთ ნაგლეჯს ჩუქნიდა ცივილიზაციას, მაგრამ მალე ისევე როგორც ყველაფერი მათ მიერ უკვე მრავალჯერ განცდილი თავის იდუმალ ხიბლს კარგავდა და ბანალურ ყოველდღიურობად იქცეოდა. ხიფათს და თავგადასავლებს მოწყურებულნი კი კვლავ იყრებოდნენ და ახალ ავანტურისტებთან ერთად წინ, სამყაროს კიდისკენ მიემართებოდნენ.

მიუხედვად ჩრდილოამერიკელი აბორიგენების მაღალგანვითარებული სულიერი კულტურისა, ტერიტორიები რომლებიც თეთრკანიანი მოსახლეობის კონტროლს არ ექვემდებარებოდა მოკლებული იყო ევროპული ცივილიზაციისთვის დამახასიათებელ ინფრასტრუქტურას და წესრიგს. ფრონტირი იყო საზღვარი წესრიგსა და ქაოსს შორის. ადგილი სადაც ერთმანეთს ველური სამყარო და ცივილიზაცია ხვდებოდა. სადაც მხოლოდ შეუპოვარ და ენერგიით აღსავსე პიონერებს ძალუძდათ ცხოვრება.

ალბათ არცერთი ქვეყნის ისტორიაში კოლონიზაციას და ფრონტირს არ უთამაშია ისეთი როლი, როგორც ეს ამერიკის ისტორიაში მოხდა. ამერიკელმა ხალხმა თავისი თვითიდენტიფიკაცია ფრონტირს დაუკავშირა. მაგრამ გარდა ამისა ფრონტირი ის დროებითი ავტონომიური ზონა იყო, სადაც ცივილიზებულ ადამიანს შეეძლო თავისუფლად ამოესუნთქა და მცირე თავდასხმები განეხორციელებინა ველურ სამყაროზე. სამყაროზე რომელიც თავისი სპონტანური ბუნების გამო მას იმ ახალ განცდებს ჩუქნიდა, რომლებიც მოწყენილ ბებერ ევროპაში განუხორციელებელი ოცნება იყო. სწორედ ამ განცდების მოლოდინმა, ავანტიურისტულმა სულმა აიძულა მათი უმრავლესობა მიეტოვებინა ჩვეული წყნარი და ნაცრისფერი ცხოვრება, ცხოვრება სადაც თითოეულ მათგანს ზუსტად შეეძლო განესაზღვრა თუ რა ელოდა წინ და გადაეცურა ოკეანე უზარმაზარ დაუნდობელ ზვირთებს მინდობილი ხომალდებით. შერკინებოდა მიწას, რომელსაც მანამ არ ენახა მიწათმოქმედი ადამიანი ხელი, საცალფეხო ბილიკების ნაცვლად გზები გაეკვალა და პირისპირ დამდგარიყო იმ რეალობის წინაშე, სადაც არავინ უწყოდა რა ურჩხული დაესხმებოდა თავს უდაბურ ტყეებში თუ ხეობებში, სადაც მხოლოდ განგების და საკუთარი მოხერხებულობის იმედი შეეძლო ჰქონოდა.

მე-20 საუკუნე იმით გახდა აღსანიშნავი, რომ ადამიანმა ბოლო თეთრი ლაქა გააქრო პლანეტის რუკიდან. ამიერიდან აღარ არსებობდა ტერიტორია, რომელიც არავის არ ეკუთვოდა, მიწის ნაგლეჯი, სადაც ცივილიზებულ ადამიანს ფეხი არ დაედგა. გაქრა ფრონტირი რომელიც ქაოსისა და წესრიგის არა მარტო გამყოფი, არამედ დამაკავშირებელი ხიდი, ერთგვარი ნეიტრალური ტერიტორია იყო. ალბათ მათ ვინც გადალახა ეპოქის ეს რუბიკონი, დაახლოებით იგივე განცდა უნდა ჰქონოდათ, როგორიც მე, როდესაც მივხვდი რომ ბავშვური ოცნებები სამყაროს ირგვლივ მოგზაურობაზე ახალი უკაცრიელი და შეუბღალავი კუნძულების აღმოსაჩენად განუხორციელებელი იყო. ეს სწორედ ის უძლურობის და უსამართობის განცდა იყო, რომელზეც ჰაკიმ ბეი წერდა: ”ნუთუ ჩვენ განწირულნი ვართ ვერასდროს გამოვცადოთ ავტონომია, არასდროს, თუნდაც ერთი წამითაც არ დავდგათ ფეხი მიწას, რომესაც მხოლოდ თავისუფლება მართავს? ნუთუ ჩვენ მხოლოდ წარსულზე ნოსტალგია და მომავალზე ოცნება დაგვრჩა?”
ალბათ სწორედ ამ განცდამ აიძულა ციოლკოვსკი კოსმოსში მოგზაურობაზე ეოცნება, პირველი ასტრონავტები კი უახლოეს კოსმოსურ სივრცეში გაჭრილიყვნენ და სხვა ციური სხეულების კოლონიზაციაზე დაეწყოთ ფიქრი.
თუმცა ადამიანის გონმა სულ სხვა ადგილას აღმოაჩინა Terra incognita. იქ სადაც ადრე მხოლოდ ფილოსოფოსები და მისტიკოსები გრძნობდნენ თავს ლაღად. გლობალური საინფორმაციო ქსელი ახალ ველურ დასავლეთად, ახალ ფრონტირად გადაიქცა მათთვის, ვისთვისაც სიახლის განცდა პირველადი ინსტინქტია.


უფრო ღრმა წარსულში თუ ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ გლობალური ქსელი, როგორც თვითგანვითარებადი საინფორმაციო სტრუქტურა მაშინ ჩაისახა, როდესაც პირველყოფილმა ადამიანებმა ინფორმაციის გაცვლა დიდ მანძილებზე დაიწყეს. პირველი სასიგნალო კოცონები თუ დოლების ენა ინტერნეტის უძველესი წინაპარია. თუმცა მაშინდელი საინფორმაციო ტექნოლოგიები ინფორმაციის შენახვის და გადაცემის მწირი რესურსების გამო უფრო ინსტრუმენტალური საშუალება იყო ვიდრე Ding an sich.
მაგრამ თუ კაცობრიობის მთელ ისტორიას ამ პარადიგმაში განვიხილავთ, ის წარმოგვიდგება როგორც საინფორმაციო სივრცის მშენებლობა, რომელიც არა მარტო გაკვეული ინფორმაციის დაგროვებას, არამედ მისი ანალიზის და ურთიერთკავშირების შექმნით ინფორმაციისაგან ინფორმაციის წარმოებას და თვითგანვითარებას ნიშნავს. საუკუნეების განმავლობაში ეს კაცობრიობის მთავარი საქმიანობა იყო საკუთარი თავის გადარჩენასთან ერთად.
ნელნელა ვითარდებოდა როგორც ინფორმაციის შენახვის, ასევე მისი გადაცემის და დამუშავების ტექნოლოგიები. მოხეტიალე მთხრობელები წიგნებმა შეცვალა. გუტენბერგის რევოლუციამ საშუალება მისცა ამ ცოდნის რაოდენობა და გავრცელების არეალი ხარისხობრივად გაზრდილიყო. ნელ-ნელა ერთეული პიროვნებების აღქმაში ყოველივე ეს ფორმას იძენდა და სახიფათო მაგრამ მომხიბვლელი მოჩვენების სახით ევლინებოდა მათ. მოჩვენების, რომლის საცეცეები პლანეტას იყო შემოჭდობილი და ადამიანების წარმოსახვით საზრდოობდა. ტექნოლოგიურმა რევოლუციამ კი, რომელიც ელექტროენერგიის გამოყენებით ტელეგრაფით ინფორმაციის გადაცემით დაიწყო და ბოლოს გლობალურ ციფრულ საინფორმაციო ქსელამდე მიგვიყვანა, ამ მოჩვენებას ფიზიკური სხეული შესძინა.
დღეს ამ ქსელის საშუალებით თითქმის რეალურ დროში შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია პლანეტის ნებისმიერი კუთხიდან. ამ ქსელში თავმოყრილი ცოდნა თითქმის უტოლდება კაცობრიობის ხელთ არსებულს. თითოეული ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაციის დამუშავების საშუალებები. დღეს ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ იმაზე გაცილებით მეტი ცოდნა, ვიდრე კაცობრიობას შეუქმნია საუკუნეების მანძილზე. მაგრამ ყველაზე მთავრი ალბათ ისაა, რომ ამ ქსელმა დაგვანახა საინფორმაციო სივრცის განვითარების თითქმის უსაზღვრო პერსპექტივა და ამით დააბრუნა ბავშვობისდროინდელი რწმენა, რომ წინ კიდევ ბევრი გვაქვს შესაცნობი და განსაცდელი.

დღეს ახალი ფრონტირი ამ სამყაროში გადის და ერთმანეთისგან ყოფს მოწესრიგებულ რეპრესიულ ინსტიტუტებს დამორჩილებულ ინფორმაციას და მწყობრში ჩამდგარ ტრანზაქციებს იმ პოტენციურ შესაძლებლობებისაგან, რომლის აღმოჩენაც საინფორმაციო ქაოსში წინ გველოდება.
ინფორმაციის დიგიტალიზაციამ გამოაღვიძა მივიწყებული სურვილი გაუზიარო საკუთარი სიმდიდრე სხვას. საგნობრივ სამყაროში გაზიარება ყოველთვის დანაკარგს გულისხმობდა. ციფრული ინფორმაცია კი ისე შეიძლება გაუზიარო სხვას რომ არაფერი დაკარგო უნიკალური ინფორმაციის ფლობის უპირატესობის გარდა. ამიტომაცაა, რომ საინფორმაციო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები დღემდე უშედეგოდ ებრძვიან ინფორმაციულ მეკობრეობას. დღეს ხომ თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება გახდეს მხიარული როჯერის დროშის ქვეშ მებრძოლი, თუ შეეცდება ეჭვის ქვეშ დააყენოს ვინმეს განსაკუთრებული უფლება გაავრცელოს ესა თუ ის ინფორმაცია. დღეს ძლიან მარტივია შენს მეგობარს სოციალური თუ P2P ქსელიდან საყვარელი სიმღერა, ახალი ფილმი თუ შენი სამაგიდო წიგნი გაუზიარო, და თან ისე, რომ შენ ამით არაფერი დაგაკლდეს.
დღეს უკვე საეჭვოა რა უფრო მნიშვნეოვანია ფლობდე სხვებისაგან დაფარულ ცოდნას, თუ გულუხვის სოციალური სტატუსი გქონდეს. ან უფრო მეტიც, არ ფლობდე არაფერს და იყო თავისუფალი, რადგან ის რასაც სხვას უზიარებ აღარ საჭიროებს მასზე მიჯაჭვას და განთავისუფლებს საკუთარი თავისგან. თუმცა ეს მიდგომა უფრო მისტიციზმთანაა დაკავშირებული და ეხმიანება გნოსტიკურ იდეებს, რომლებიც ასე პოპულარულია ქსელურ საზოგადოებებში. საგულისხმოა, რომ გნოსტიციზმის და ტექნოლოგიების სინთეზმა ახალი ლიტერატურული მიმდინარეობა შექმნა კიბერპანკის სახით, რომლის ავტორების წინასწარმეტყველებებმა გლობალური ქსელის დღევანდელი ფორმით ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.


არ გასულა დიდი დრო ვებგვერდების ბუმიდან, როდესაც თითოეული კორპორაცია, თუ კერძო პირი ინტერნეტში პერსონალურ გვერდებს ქმნიდა, თანამდროვე Web 2 ტექნოლოგიამ კი ბლოგოსფეროს სახით ახალ საინფორმაციო ქაოსს დაუდო სათავე. სულ რაღაც ათიოდე წლის წინ ჩემი პირველი ვებ გვერდი სწორედ ასე, პრიმიტიულ HTML რედაქტორში შევქმენი და ამ ტექნოლოგიის მოუქნელობის გამო კიბერსივრცის ტალღებში მივატოვე. დღეს კი ყველაზე მოუხერხებელმა მომხმარებელმაც კი იცის როგორ შექმნას საკუთარი ვებ-დღიური სადაც საკუთარი თეთრეულის ისტორიიდან დაწყებული ”ატომური განთიადების” მოწყობის ტექნოლოგიებით დამთავრებული ყველაფრის შესახებ შეუძლია ისაუბროს და თან ისე რომ პრაქტიკულად ვერავინ შეზღუდოს მისი მისწრაფება თავისუფალი თვითგამოხატვისკენ. ან შექმნა საიდუმლო კონსპირაციული საზოგადოება, რომელიც დოქტორ ბენვეის მსგავსად ფიზიკური რეალობის წინააღმდეგ ამბოხში მიიღებს მონაწილეობას. მაგალითად ისეთი, როგორებიც იყვნენ Хакеры Сновидения, რომლებიც ფიზიკური რეალობის მატრიცის გატეხვის უძველეს ოცნებას ესწრაფვოდნენ. ან მიხეილ რადუგას მიმდევრები, რომლებიც გლობალური ქსელის ტექნოლოგიების და მაგიური ცოდნის სინთეზის გამოყენებით ახალი მატრიცის შექმნას აპირებენ.
თუმცა არსებობენ ისეთი ჯგუფებიც, როგორიც იყო მაგალითად Heaven's Gate. რომლის წევრები ცნობილი გახდნენ მას შემდეგ, რაც 1997 წელს კოლექტიური სუიციდი მოაწყვეს იმ იმედით, რომ სიცოცხლეს ჰეილ-ბოპის კომეტაზე გააგრძელებდნენ, რომელმაც დედამიწას ჩაუქროლა. თუმცა ეს შემთხვევაც იმას აჩვენებს, რომ გლობალური ქსელი შეიძლება თითოეული პიროვნების ინტერესებს ემსახურებოდეს, რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს ისინი საზოგადოების სხვა წევრებისთვის.
დღეს უკვე ინტერნეტი ეჭვის ქვეშ აყენებს ტერიტორიული საზღვრების უნარს შეაკავოს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანების უშუალო ურთიერთობა. და ამით უფრო აღვივებს ადამიანების სურვილს ცხოვრობდნენ ღია და გამჭვირვალე პოლიტიკურ სისტემაში. გუტენბერგის რევოლუციამ ელიტარული პოლიტიკური სისტემა იმით დაანგრია, რომ გააუქმა ერთეულების მონოპოლია ცოდნაზე. ინტერნეტ რევოლუცია დაანგრევს ტოტალიტარიზმს იმით, რომ საშუალებას მისცემს თითოეულ ჩვენგანს იპოვოს თანამოაზრე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ინტერნეტ რევოლუცია დაუბრუნებს საზღვარს თავის მისტიურ ბუნებას ერთდროულად იყოს გამყოფი და დამაკავშირებელი ბანალურობასა და სიახლეს, წესრიგსაა და ქაოსს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. რადგან სიცოცხლე მუდმივ განახლებას, მოძრაობას და სპონტანურობას ნიშნავს. და სად უნდა ვიპოვოთ სიცოცხლის ენერგია თუ არა საზღვრების მიღმა?

დღევანდელი სოციალური ქსელების მომხმარებლები უკვე ვირტუალურ საზოგადოებებს ქმნიან არა მარტო იმისთვის, რომ ერთმანეთს საკუთარი შინაური ცხოველების ანცობაზე ესაუბრონ, არამედ იმისთვის, რომ რეალური ძალისხმევა მოახმარონ კიბერსივრცის გარეთ მათი გარემომცველი სამყაროს შეცვლას. იქნება ეს მცირე სოციალურ-პოლიტიკური გაერთიანებები თუ ”მებრძოლთა კლუბის” მსგავსი კულტურული Jamming-ის ჯგუფები.
ეს ცხოვრებაა სამართებლის პირზე, სახიფათო და მომაჯადოებელი. ცხოვრების წამები, რომლის ინტენსივობა ღირს იმად, რომ დაგავიწყდეს მშვიდი და უზრუნველი სიბერე და გადაეშვა კიბერსივრცის ფსიქოდელურ მოგზაურობაში. მოგზაურობაში რომელიც ერთდროულად მომხიბვლელიცაა და სახიფათოც. ბრწყინვალე და იდუმალებით მოცულიც. მაგალითად ისეთი როგორიც ე.წ. Darknet-ია, ქსელის ”ბნელი” მხარე. ის ბევრისთვის შეიძლება უცნობი იყოს. მაგრამ ამ ჯურღმულებში მრავალი ახალი იდეა იბადება. იდეა თუ როგორ დაუძვრე სახელწიფო თუ სხვა საზოგადოებრივ რეპრესიულ აპარატებს და შეიქმნა საკუთარი, თუნდაც დროებითი, ავტონომიური ზონა.
დღეს ქსელის საშუალებით შეიძლება ახალი ხელოვნების შექმნა, რომელიც თავის სრულყოფას მხოლოდ ქსელში თუ მიაღწევდა. იქნება ეს ხელოვნური ინტელექტის შექმნის მცდელობა რომელიც ახალი ლიტერატურის ნიმეშების გენერაციას დაიწყებს, ბოტი რომელიც ინტერნეტში პერფორმენსებს მოაწყობს, თუ კონვეის Game of Life-ის თვითგანვითარებადი ვირტუალური უჯრედული კოლონიის ცოცხალი სურათი.

ქსელში ხშირად ვპოულობ იმ იშვიათ ნივთებს, რომლებსაც ინტერნეტის გარეშე ძნელად თუ მივაგნებდი. brainpaint.com-ზე სწორედ ამგვარ მოწყობილობებს და პროგრამულ უზრუნველყოფას გადავაწყდი. ტექნოლოგიურმა გარღვევამ სტიმული მისცა ახალი ინტერფეისების შემუშავებას, რომელიც საშუალებას გვაძლევს უფრო მჭიდრო და უშუალო ურთიერთობა გვქონდეს კიბერსამყაროსთან. ნეირონული უკუკავშირის გარნიტურა საშულებას გვაძლევს კომპიუტერი მხოლოდ გონების დაძაბვით ვმართოთ და მისი მეშვეობით შევქმნათ სიურეალისტური ფერწერული ნამუშევრები ან გადავაადგილოთ სივრცეში სხვადასხვა საგნები, მათ შორის მაგალითად გადაადგილების უნარს მოკლებული ადამიანის სავარძელი.

პორტატული გაჯეტები, მობილური ინტერნეტი კიდევ ერთი ნაბიჯია ქსელში ჩვენი ჩართულობის გასაზრდელად. შემდეგი ნაბიჯი იმპლანტანტები და ნანოტექნოლოგიაა, რომლებიც, საშუალებას მოგვცემს ინფორმცია უშუალოდ გავცვალოთ სხვა რეალურ თუ ვირტუალურ არსებებთან, ან თუნდაც იმ ხელოვნურ გონთან, რომელსაც ასეთი ინტერესით და შიშით ელოდება კაცობრიობა.
მომავლის ტექნოლოგიების ენთუზიასტები, მაგალითად ისეთები, როგორიც ტიმ ლირი იყო, სრულიად ფანტასტიკურ პროექტებს გვთავაზობენ. იქნება ეს ცნობიერების მდგომარეობის შეცვლა ქსელთან სიმბიოზის განსახორციელებლად თუ საკუთარი გონის ინტერნეტში გადატანა სიკვდილის შემდეგ.

ამ ელექტრონული ფრონტირის წინა ხაზზე ამოუცნობის პიონერები არიან, ტექნოლოგია მათთვის, ისევე როგორც ოქრო პირველი ამერიკელი ოქროსმაძიებლებისთვის, მხოლოდ საბაბია საკუთარი მოხეტიალე დაუდგრომელი და ინტერესიანი ბუნების რეალიზაციისათვის.
ეს სწორედ ის საზღვარია, რომელიც ჩვეულ სამყაროს უცნობ, ფათერაკებით აღსავსე საინფორმაციო ქაოსიდან გამოყოფს. საზღვარი სადაც ცხოვრება ყოველთვის საინტერესოა, რადგან აქედან ნებისმიერ წამს შემიძლია გადავდგა ნაბიჯი ამოუცნობისკენ და მქონდეს იმედი, რომ სამყარო თავის მომხიბვლელობას არასდროს დაკარგავს.


დავით მაკარიძე

[გამოქვეყნებული იყო "ცხელ შოკოლადში"

რეალობის განადგურება (მოკლე თეზისები პოპ მითოლოგიისთვის)

1. პირველმა რევოლუციამ რომელიც პირდაპირ ეთერში ტრანსლირდებოდა ტელევიზორით და რეალობის ტოტალური გარდასახისკენ იყო მიმართული – შექმნა პრეცენდენტი სადაც სინამდვილე საერთოდ გაუჩინარდა, როგორც მირაჟი. ერთადერთი რაც ჩვენ შემოგვრჩა არის 25 ცალი კადრი, რომელსაც დეჟავიუს სახით ამეორებენ სპექტაკლის მედია-ქრონიკებში. 1968 წლის საფრანგეთის რევოლუცია, რომელიც სექსის, ნარკოტიკების და როკენროლის სახით მოედო მსოფლიოს და კულტურის განადგურება სურდა – სხვა მიზეზებთან ერთად, ახალი მედიების უეცარ მუტაციას შეეწირა და ამით სათავე დაუდო შოუ-ბიზნესის და მედიაკონტროლის ახალ სახეობებს. როგორც წინა საუკუნის ერთერთი ყველაზე საინტერესო ლოთი და რევოლუციონერი გი დებორი წერდა – რეალობა გადაიქცა სპექტაკლად, რომელიც უსასრულოდ გრძელდება და თავისთავს იმეორებს. რეალობა გადაიქცა რეალობის რეპრეზენტაციად მასობრივ საშუალებებში. რეალობამ “ჩაიხვია” როგორც მაგნიტურმა ლენტამ. რევოლუციის დროს მედია “მიხვდა” რომ ფაქტებისგან გაქცევას და აღშფოთებას გაცილებით ჯობდა მათი დაცლა ნამდვილი შინაარსისგან და შემორჩენილი ფორმის შეფუთვა სხვადასხვა მომხმარებლური ერთდღიანი ინტერესებით, მარტივად რომ ვთქვათ, მედია “მიხვდა” რომ ნებისმიერი, ყველაზე რადიკალური ბუნტიც კი მშვენიერი პროდუქტია კაპიტალიზმის პროლეტართა მოწყენილი მასებისთვის.

2. "ასე დამთავრდა 1968 წლის რევოლუცია ხელფასების 10 პროცენტიანი გაზრდით – მონა-ლიზა ჯოკონდას განადგურების ნაცვლად. ყოფიერების ტოტალური მისტიფიცირების ნაცვლად" კი დარჩა რამდენიმე lifestyle, არტ-ვიზუალი და სოციალურად მომგებიანი მინი-რელიგია, შინაარსისგან დაცლილი პროდუქტი – სინამდვილე. არაფერს ვამბობ ვიეტნამზე, სპარსეთის ყურეზე და ცივ ომზე. ეს იყო დრო როდესაც მედია გადაიქცა რეალობის თითქმის ერთადერთ წყაროდ და კალაპოტად.

3. XIX საუკუნეში დასავლელმა თეთრმა ადამიანმა მოკლა ღმერთი და ვინაიდან ის იყო ხატი ღმრთისა, გაუცნობიერებლად მან სუიციდიც ჩაიდინა. “ღმერთის სიკვდილთან ერთად მოკვდა ადამიანიც”. რამდენიმე ათეული წლის შემდეგ კი ამ მოვლენებმა გამოიწვია რეალობის (ადამიანის საცხოვრებლის) კოლაფსი. იქ სადაც ადრე იყო რეალობა გაჩნდა დიდი შავი ხვრელი. სულიერი კრიზისი. ყოფიერების აუტანლობა. მსოფლიო ომი. არსებებმა რომლებიც უკვე არ იყვნენ ადამიანები შექმნეს არსება რომელიც უკვე არ იყო ღმერთი და დაალაგეს სატელევიზიო პავილიონი. ის რასაც დღეს ქვია – რეალობა – ტყუილია. ამიერიდან არ არსებობს რეალური, არსებობს მხოლოდ რეალურის იმიტაცია და ამ იმიტაციის იმიტაციები და ასე უსასრულოდ.

4. სიზმრები გაცილებით რეალურია ვიდრე რეალობა – წერდა ლი. ეს მოძრავი ნახატები ჩვენი დროის ყველაზე რალური რეალობაა – წერდა ცნობილი რეჟისორი კინოს შესახებ. ცხენებისმოყვარული მსუქანა წერდა – ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, სადაც რეალობის ფაბრიკაციებს განუწყვეტლივ ამზადებენ მასმედია, მთავრობები, კორპორაციები, პოლიტიკური ჯგუფები – ხოლო ელექტრონულ მანქანებს გადააქვთ ეს ფსევდო-სამყაროები უშუალოდ მკითხველის, მაყურებლის, მსმენელის ცნობიერებაში. კეთილი იყოს შენი მობრძანება რეალობის უდაბნოში – ეუბნება მორფეუსი ნეოს.

5. რეალობა ხელოვნური კონსტრუქციაა. ის იქმნება მეცნიერული თეორიების, სამოქალაქო კანონების, მსოფლიო კაპიტალის და მოწინავე ქვეყნების პოლიტიკური მიზნების გადაკვეთაზე. ანუ იმისათვის რომ ეს კონსტრუქცია, ეს სპექტაკლი შედგეს საჭიროა თანხმობა, საჭიროა როლების გადანაწილება, საჭიროა სცენარი. სწორედ ამ სცენარს და ამ თანხმობას ქმნის – მასმედია და უკვე მერე -- დაინტერესებული პირების იარაღი და კაპიტალი. შუასაუკუნეების ინკვიზიცია შეცვალა მედია ინკვიზიციამ. მედია ინკვიზიციაში იგულისხმება სპექტაკლის დისკურსი, რეალობის ანი და ჰოე, რომლის გარდა და რომლის იქით – არაფერი არსებობს. თუ შენ არ ჯდები ამ დისკურსში – შენ უბრალოდ არ არსებობ. და ვერანაირად დაამტკიცებ რომ არსებობ. წერტილი. მე არ ვამტკიცებ რომ ყველა მედია გაცნობიერებულად ებრძვის ერეტიკოსს. ეს აბსურდია. მაგრამ ის რომ ყველა მედია გაუცნობიერებლად იცავს რეალობას – ფაქტია.

6. რეალობის ინსტიტუციონალიზაცია დროსა და სივრცეში ხდება სოციალური პროგრამირებისშედეგად. ზოგადი ტრადიციების (“მართვა წარსულიდან”) საფუძველზე საგანმანათლებლო სისტემა, რელიგიური წარმოდგენები, მეცნიერება და სახელმწიფო ქმნიან ცალმხრივ კომუნიკაციურ სისტემას და აწარმოებენ გაუკრიტიკებელი ავტორიტეტების გრძელ სიას, რომელსაც შემდეგ “საზოგადოებრივი აზრი” ერქმევა. ეს ინსტიტუციები ქმნიან წარმოდგენებს სამყაროზე და გარკვეული საგნების თუ მოვლენების ინტერპრეტაციებს. ცალკეული პიროვნების თუ პიროვნებათა ჯგუფის პირადი ინიციატივა მისაღებია თუ ის ზერელეა ან თუ პირიქით აღრმავებს ამ პროცესებს ან ინტრიგა შემოაქვს და არ ემუქრება ინსტიტუციების თუ ამ ინსტიტუციებზე მიმაგრებული ადამიანების პრესტიჟს, მაგრამ საკმარისია პირადი ინიციატივა გადაიქცეს ჩამოყალიბებულ პირად ინტერპრეტაციად რომ მას აქრობენ ტერორიზმის ბრალდებით ან აქცევენ უწყინარ კომერციულ პროდუქტად შესაბამის თაროზე შესაბამის მარგინალურ თემატურ მაღაზიაში.

7. ჯონ ლილის ქონდა თეორია ადამიანის როგორც ბიოკომპიუტერის და პროგრამისტის შესახებ. წიგნში -- ადამიანური ბიოკომპიუტერის პროგრამირება და მეტაპროგრამირება -- ლილი წერს: ნებისმიერი ზრდასრული ადამიანი – დაპროგრამებული ბიოკომპიუტერია. წარმოიდგინეთ რომ თქვენ ხართ კომპიუტერი, ხოლო თქვენი ცნობიერება ამ კომპიუტერის -- პროგრამისტია. თქვენ გაგაჩნიათ ბაზისური მონაცემები, პროგრამები და ნაწილები რაც შეესაბამება ინსტინქტებს, გენებს და ფიზიკურ სხეულს, და ამის გარდა გაგაჩნიათ შეძენილი პროგრამები ამ კომპიუტერისთვის, რაც შეესაბამება ცხოვრებისეულ გამოცდილებას, შეძენილ ცოდნას, წარმოდგენებს და ა.შ. ადამიანი ანუ მეტა-პროგრამისტი წარმოადგენს სწორედ თანდაყოლილი და შეძენილი პროგრამების სინთეზურ მუშაობას. სწორედ თანდაყოლილი პროგრამების მოთვინიერებაზე და ახალი პროგრამების და სოფტის შექმნაზე და დანერგვაზე მუშაობს სოციალური პროგრამირება.

8. ლი წერდა სტუდიებზე სადაც მზადდება რეალობა. წარმოიდგინე ქარხნები: ჰოლივუდის რეალობისდამამზადებელი ქარხანა, დემოკრატიის სახელობის რეალობისგადამამუშავებელი ქარხანა. ალტერნატიული ქარხნები ქონდა საბჭოთა კავშირს. ერთნაირი რეალობის შაბლონები მილიონებისთვის. თუ არსებობს ტერმინი “მასმედია”, ამ შემთხვევაში თავისუფლად შეგვიძლია შემოვიტანოთ ტერმინი –მასრეალობა. ინფორმაციული ომის შედეგად ერთი იმპერია განადგურდა. დღესდღეობით გვაქვს ერთი დიდი ინფორმაციული სუპერმაგისტრალი, სადაც თავმოყრილია ყველაფერი რაც ქმნის ცნებებს კულტურა, რეალობა, ისტორია. კიდევ არსებობს ბევრი პატარა ლოკალური ინფორმაციულ-კულტურული მაგისტრალი რომელიც უერთდება დიდს და ასევე არსებობს ათასობით განსხვავებული პატარა რეალობის გვირაბი, თვითნაკეთი ქარხანა – ესენი არიან სექტანტები, სხვანაირად მოაზროვნე პიროვნებები და ბოროტმოქმედები.

9. ყველას ჩვენ გვყავს საკუთარი ბილ გეითსი – ძირითადი მონოპოლისტი პროგრამა საკუთარ ტვინში. იპოვე ეს პროგრამა. იპოვე მისი ავტორი. დაარესტარტე კომპიუტერი, მოკალი ბილი.

10. აქტუალური არტისტი -- სოციალური პროგრამისტია. ის მუშაობს ძველ და ახალ პროგრამებთან, სწავლობს მათ დაინსტალირებას, მათ გავრცელებას სპამის სახით სხვა ბიოკომპიუტერებში, გადაპროგრამებას.

11. დღეს გნოსტიციზმი ისეთი აქტუალური გახდა როგორც არასდროს. ამ ადრექრისტიანულმა მისტიკურმა მოძღვრებამ შეურყვნელი ტექსტების სახით მოაღწია სპექტაკლამდე. გარკვეული გნოსტიკური შეხედულებების მიხედვით არსებული სამყარო, რეალობა – ილუზიაა. ის შექმნა არსებამ რომელიც ამ სამყაროში დემიურგის, ღმერთის სახელითაა ცნობილი. ეს არის მატერიის და ილუზიის კოსმოსური ციხე, მარადიული იმპერია სადაც ჩვენ ტყვეები ვართ. ნამდვილი ღმერთი მათი აზრით იყო ნამდვილი რეალობა რომელიც ამ სამყაროს (წაიკითხე: ამ დისკურსის) საზღვრებს იქეთ მდებარეობს და ნებისმიერი მცირედი შეხებაც კი დემიურგის ნგრევას იწვევს. ნამდვილი რეალობა დემიურგის ბნელ სამყაროში ჩნდებოდა როგორც გნოზისი – ინფორმაცია ანუ ცოდნა. მხოლოდ გნოზისი გვიხსნის ტყვეობისგან მარადიულ იმპერიაში. (წაიკითხე: მედია სპექტაკლში).

12. გარკვეული სექტები ცდილობდნენ დაეჩქარებინათ აპოკალიფსი და ხელი შეეწყოთ იმპერიის ნგრევისთვის. ამისთვის არსებობდა ორი გზა: აბსოლუტური ასკეტიზმი (ანუ აბსოლუტური პროტესტი და უარი ამ სამყაროსთან კონტაქტზე, მისი არ აღიარება) და აბსოლუტური გარყვნილება (ყველანაირი სახის გარყვნილება, ბოჰემა, ყვეალფრის ხელის შეწყობა რაც ანადგურებს მატერიას და შლის მას). მოდით ვისაუბროთ განადგურებაზე.

13. აქტუალურია ხელოვანი რომელიც თავს აღწევს კლასიკურ დეფინიციებს, როლურ გადანაწილებას და ლიტერატურულ კუბოებს. და ახალ ტექნოლოგიებს ისე იყენებს როგორც დავინჩი ფუნჯს ან კაზანოვა სასქესო ორგანოს. საინტერესოა ხელოვანი რომელიც ლოცულობს. გნოსტიკური მიდგომა ახლოსაა ბევრ ახალ ხელოვანთან იმიტომ რომ ექსპერიმენტალური არტი დაფუძნებული ახალ მედია ტექნოლოგიებზე სწორედ ის ავანგარდული სფეროა, საიდანაც დიდი და პატარა ქარხანები ეზიდებიან მასალებს საყოველთაო რეალობების დასამზადებლად.

14. ხელოვანი როგორც "კულტურული კოდების ჰაკერი" რეალობის სიღრმეში შედის. აქედან მისი ორმაგი ფუნქცია: ერთისმხრივ ის ეკონომიკურად მომგებიანი, კრეატიული და ახალი მასმედიების პოტენციური კონსტრუქტორია, მეორეს მხრივ ის ტერორისტია შაჰიდის ქამრით, მასმედიური შეტყობინებების დეშიფრატორი და მასალა ბევრი ალტერნატიული კერძო გვირაბისთვის. ორივე შემთხვევაში ის თამაშობს.

15. ამიტომაც ახალ ხელოვანს ჩვენ განვსაზღვრავთ როგორც გამოცდილ გეიმერს.

16. ახალი ხელოვანი მოუხელთებელია როგორც რემბო 4, ტოლერანტულია როგორც დედა ტერეზა, ხოლო მისი რისხვა ალაჰის რისხვაა ძველი ხელნაწერებიდან.

17. ხელოვანს ჩვენ განვსაზღვრავთ როგორც ლაბორატორიის მუშაკს, რომელიც ამზადებს რეალობის და არყოფნის ახალ ფორმულებს, ასინთეზირებს შეუთავსებელ ცნებებს და გამოყავს ახალი მენტალური ვირუსები რომლებიც საჭირო ფსიქო-სოციალურ კონფლიქტებს იწვევენ ლიტერატურაში, მედიაში, შენს სამზარეულოში.

18. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რეალობა ცათა სასუფეველს გავს და ის ძალის დახმარებით უნდა დაიბრუნო.

19. ნინი ჯუღაშვილს ქონდა შემუშავებული “პასიურად აგრესიული” პრატიკა ცალკეული ტიპაჟებისთვის. ეს პრაქტიკა როგორც ბევრი სხვა, მოყვარულზეა და გულისხმობს სიზმრების, ნარკოტიკების და იარაღის რეგულარულ, 24 საათიან სინთეზს ერთი პიროვნების ყოველდღიურობაში.

20. ყველა სისტემას გააჩნია სუსტი წერტილი. სიზმრები, მას შემდეგ რაც შენ შეძლებ გახადო ისინი არაკონტროლირებადი – შენში სოციალურად ჩაპროგრამებული სისტემის ყველაზე სუსტი წერტილია. არსებობს სიზმრების შემსწავლელი ახალგაზრდა მეცნიერება – ონეირონავტიკა. პიროვნება სწავლობს და უღრმავდება საკუთარ სიზმრებს. ნარკოტიკები – თანამედროვე ცივილიზაციის არალეგალური საფუძველია. ნარკოტიკები არის ის მითოსური ძველბერძენი რომელსაც თავისი მხრებით უჭირავს ზეცა და ამით იცავს სამყაროს ნგრევისგან. ცივილიზაცია იკვებება ნარკოტიკებით და მეხივით ეშინია მათი. ნარკოტიკებით შეიძლება დაკარგო რეალობა, მაგრამ იგივე ნარკოტიკების გამოყენებით, სწორი მიდგომის შედეგად - შეგიძლია დაიბრუნო რეალობა. ფილიპე თვლიდა რომ ნარკოტიკები ის ბლიცია, რომლითაც დემიურგის ყალბ სამყაროში აღწევს ნამდვილი სინათლე. “არალეგალური კოსმონავტიკის სახელმძღვანელოში” წერია: არალეგალური კოსმონავტი პირადად სწავლობს ყველა ნარკოტიკს. მ ან იცის რომ ნარკოტიკები კოსმოსმა გვაჩუქა, ხოლო უმეცრებამ და სიხარბემ გადააქციეს ის ადამიანური დეგრადაციის ინსტრუმენტად.

21. იარაღი – როგორც მაკიაველი წერდა უაიარაღო წინასწარმეტყველები ყოველტვის წაგებულები რჩებიან. ტოტალური პოლიტიკური და მისტიკური ომის პირობებში ნებისმიერი აქტუალური ხელოვანი შეიარაღებულია.

22. არსებობს ფსევდო-რეალობის განადგურების ბევრი სხვა პრაქტიკაც — ბოიკოტი, იზოლაციონიზმი, ბურჟუაზიული სისტემების კონტრანალოგების შექმნა, ონტოლოგიური ანარქიზმი, არატრადიციული მეცნიერული თეორიები, რადიკალური ტერორიზმი, შიზოანალიზი, კონსპიროლოგია, არანორმალური მედია-ვირუსები (შეუთავსებლის შეთავსება. მაგ. ისლამი + უცხოპლანეტელები + მართლმადიდებელი ჩინელი მღვდლების კონტექსტიდან ამოღებული ფრაზები ერთ ლამაზ მოძღვრებაში) და ა.შ. სხვა დროს და სხვა ადგილას ჩვენ შევეხებით ყველა ამ პრაქტიკას.

23. რეალობის განადგურება პირველი ნაბიჯია საკუთარი თავის შეცნობისკენ. საკუთარი თავის განადგურებით კი ჩვენ შევძლებთ შევეხოთ ქსოვილს, რომლისგანაც გაკეთებულია – ცა.



Next

ლაბორატორიის სპონტანური საიდუმლო სამსახური

1. დრო აკეთებს ფოკუსს ისეთ ეპოქაზე, რომელსაც დღეს ჰქვია ინფორმაციული ეპოქა.

2. დღევანდელი ყოველდღიური რიტუალები, მათ შორის ბანალურ ფრაზათა გაცვლა გამოცვლა საჭიროებს საფუძვლიან და სისტემურ რე-პროგრამირებას.
საჭიროა სიღრმის სტრუქტურის გაცნობიერება. იმის თუ რას გულისხმობს ზედაპირული წინადადება. (როგორ გამოითქმება იგი უფრო ვრცლად, როგორი იქნება მისი ინვერსიული აზრი და ა. შ.)

აუცილებელია იმ კონტექსტების მრავალფეროვნებათა გაცნობიერება, რომლებშიც შეიძლება გამოთქმულ იქნას ესა თუ ის ბანალური ფრაზა.
3. ბუნებრივია ეს პრობლებას შეუქმნის ინდივიდს და ამ პრობლემის სახელი იქნება “პარანოია”

4. ლაბორატორია არსებობს რა სისტემატიური ექსპერიმენტის რეჟიმში, არის ალტერნატიული სოციალური ქსოვილი სადაც პარანოია ცნობიერების ნორმალური მდგომარეობაა და ნებისმიერი პარანოიკი (რომელსაც თავის პარანოია გადააქვს ტილოზე, გამოთქვამს მუსიკით, იღებს სურათებს წერს და ა. შ.) სოციალურად მისაღებია.

5. მსგავსი მიმართულებით სვლამ მოგვიტანა საკმარისი გამოცდილება და ამ გამოცდილებიდან გამომდინარე ჩვენ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ არსებობს აზროვნების არქეტიპული კატეგორია. ეს კატეგორია არის ეგრეთ წოდებული “საზოგადოებრივი აზრისაგან” დამოუკიდებელი და იგი საფრთხეს უქმნის ისეთი ტერმინის ერთმნიშვნელოვანებას როგორიცაა “მორალი” აქედან გამომდინარე ემუქრება იმ ადამიანთა პოზიციის ურყეობას ვისი დამოკიდებულებაც ამ ტერმინისადმი მეტად სერიოზულია.

6. საქმე რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ სინამდვილეში არ შეიძლება იყოს შემთხვევითი, მაგრამ ამ კონკრეტული სფეროსთვის მე ვარჩიე მიმეცა სახელი “სპონტანური” ანუ ის რომ ეს სიტყვა საუკეთესოდ მიმაჩნია ჩვენი საქმიანობის გამოსახატად არ ნიშნავს, რომ ჩვენი სამსახური მართლაც სპონტანურია. (იხ. “ლაბორატორიის აპოლოგია” 3, 3.1.) უფრო ადვილად შეიძლება ითქვას რომ საიდუმლო სამსახური არის დეცენტრალიზებული. შესაძლებელია ეს იდეა იყოს პარადოქსული, მაგრამ ექსპერიმენტის რეჟიმში ჩვენ მან მიგვიყვანა ისეთ შედეგებამდე, რომელთა რეალურობის უარყოფა უკვე შეუძლებელია.

7. სამსახურის საიდუმლოება არის გარდაუვალი აუცილებლობა, რომელიც გამოწვეულია ინდივიდუალურ ჰალუცინირებასთან კოლექტიური ჰალუცინირების სოციალური უპირატესობით. (მათ უკვე იხილეს, ჩვენ კი ვეძებთ და რომც ვიხილოთ ძებნას კიდე გავაგრძელებთ)

8. იდეოლოგიური ბირთვი რომელზეც დგას საიდუმლო სამსახური შედგება ნეირო იმპულსებისგან, რომელთა აღმოჩენაც უფრო ადვილია პარანოიდალურ მდრომარეობაში: გაქცევის სურვილი, აგრესიის ნულოვანი დათრგუნვა, მეტა პოზიციის აღება საიდანაც შეგიძლია დასცინო ობივატელს და გააგრძელო სნობებს შორის აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი თვითშეფასებით ცხოვრება.

9. სამსახური სამუდამოა, კონტრაქტი დგება ნეიროციფრულ დოკუმენტად ინახება თქვენ ძირითად ნერვულ სისტემაში და ძალაში შედის(აქტიურდება) მას შემდეგ რაც აღმოაჩენთ სპეციფიკურ შეგრძნებას ზურგის არეში ამ ტექსტის კითხვისას.



Igroig

სუბიექტური ტერიტორიის ფუნქციონირების მოდელი


აქ ნათქვამია ყველაფერი ნათლად
ამაოა კითხვა სტრიქონებს შორის
არ დაძაბოთ თვალები
მე ხომ წესრიგი მჭირდება
არც ნაკლები არც მეტი
არც სამყარო როგორიც ის არის
არც ის თუ როგორი უნდა გახდეს
მხოლოდ სიზუსტე
სიმართლის საყრდენი
მე არ ვიყენებ ბოროტად გრძნობებს
ფარული აზრით არ ვთამაშობ
არ ვუხმობ დიდი ხნის დავიწყებული
რწმენების აჩრდილს
ყველაფერ ამას დავუტოვებ წინასწარმეტყველს,
ჰიპნოზიორს, თერაპევტს და მისიონერს
ისინი ჩემს შემდეგ მოვლენ
ჩემს მცირედ ნათქვამს გამოიყენებენ
და მახეებს დააგებენ მათთვის
ვისაც არ სჭირდება
მარტოხელა
სიმართლის
საყრდენი

გრეგორი ბეიტსონი - "ადგილი სადაც ეშინია ანგელოზებს"

საქართველოში სუბიექტური ფაქტორი იგნორირებულია. წლების განმავლობაში ადამიანები მიეჩვივნენ რეალობის მართვის გამზადებულ ფორმულებს. გადარჩენის ერთადერთ საშუალებად მორჩილება ითვლებოდა. შიში უფრო ადვილად მოიცავს მასას, ვიდრე გამბედაობა. ერთად ყოფნის, ერთობის ინსტიქტიც უსაფრთხოებასთან და გადარჩენასთანაა დაკავშირებული. ამ პირობებში საჭიროა გჯეროდეს ის რაც ყველას სჯერა. ასე მიიღება პრივილეგირებული რეალობა.

მიუხედავად პრივილეგირებული რეალობის მიერ მიღწეული საშინელი შედეგებისა ეს რეალობა ყველა საშუალებით ცდილობს საკუთარი თავის გამართლებას. ამაში მონაწილეობს ჩვენი ქვეყნის უამრავი მოქალაქე. ეს ადამიანები ცდილობენ შექმნან ისეთი რეალობა რომელიც პასუხისმგებელი იქნება ნებისმიერ შედეგზე. მთავარია შენარჩუნებულ იქნას რეალობის ტოტალური შეგრძნება, ხოლო მიღებული სურათი - დანაგავებული ქუჩები, ჯოჯოხეთური პიროვნებებსშორის ურთიერთობები, ანტისანიტარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ქაოსური სავაჭრო ობიექტები(ბაზრობები) მეორეხარისხოვანია ეს სათვალავში არ მიიღება. მთავარია იყოს ერთი რეალობა!

თქვენ ალბათ გაგიგონიათ, რომ რეალობის აღწერისას საჭიროა ობიექტურობა. სოციალურად მოშინაურებულ ადამიანთა უმრავლესობა საჭიროებს მზა სუფთა რეალობას. ყოველგვარი ქვეტექსტის და ფარული აზრის გარეშე. აქედან გამომდინარე ობიექტურობამ შეიძინა დადებითი და მოსაწონი პოზიციის სტატუსი.
სუბიექტივიზმი არანორმალურ ან უკეთეს შემთხვევაში არასერიოზულ-ბავშვურ პოზიციად ითვლება. ადამიანები მიეჩვივნენ სიტყვებით კვებას მათ აღარ აინტერესებთ ამ სიტყვების აზრი. აზრი, რომელიც საკუთარ სუბიექტურ სამყაროში უნდა ეძიონ. მათთვის მთავარია როგორ გაიმეორებენ დღეს დილით ტელევიზორში გაგონილ ხუმრობას ბირჟაზე, სამსახურში, ბარში და ა.შ.

სუბიექტური მიდგომა გამართლებულია არტ სფეროში. ეს სფერო კი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 93%-ს არ აინტერესებს ან ამისთვის არ სცალია, ხოლო ვისაც ეს აინტერესებს ან ამისთვის სცალია განზე აყენებს თავის თავს და შემოქმედებას იმ ყოველდღიურობისგან, რაც მის ირგვლივ ხდება. მისი სუბიექტივიზმი უკეთეს შემთხვევაში რაღაც მარაზმში გადადის, უარესში კი იგი ქმნის არტ-ავტორიტარულ სასტავს რომელიც თავის შიგნით მოიცავს ახალ ობიექტურ-ავტორიტარულ სისტემას.

1. ადამიანი ცხოვრობს პერსონალურ რეალობაში და არის მისი ავტორი
2. არ არსებობს აბსოლუტურად ობიექტური რეალობა, არსებობს ჯგუფში გაზიარებადი რეალობა.
3. ჯგუფი რომელიც თავის რეალობას განიხილავს როგორც ობიექტურს და ერთადერთს არის ქარიზმატული ჯგუფი. მასში აუცილებლადაა ლიდერი, რომელსაც ერთადერთს ეკუთვნის რეალობის კორექციის უფლება.

სუბიექტივიზმი საშუალებას იძლევა მოხდეს მუდმივად ცვალებადი რეალობის მოდელირება სიტყვების, სხვადასხვა გრაფიკული აღნიშვნების, გახმოვანებების, და იმ შეგრძნებების მეშვეობით, რომელიც მიმდინარეობს ადამიანის შიგნით და ეს პროცესი არაა გამორჩეულად სასცენო ან არტისტული პროცესი.
ყოველდღიურობისადმი, როგორც ხელოვნებისადმი მიდგომა საჭიროებს ყურადღების გარკვეული ტიპის განვითარებას. ყურადღების ეს ტიპი არის რ ე პ უ ტ ა ც ი ი ს კ ო ნ ტ რ ო ლ ი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეპუტაცია აუცილებელი არაა იყოს სოციალურად მისაღები. საჭიროა მისი განსაზღვრის ალტერნატიული, მოძრავი, ცვალებადი გნებავთ მოქნილი კრიტერიუმი. ერთერთ მთავარ კრიტერიუმად შეიძლება განხილულ იქნას - რეპუტაციის სასარგებლობა შესაბამის კონტექსტში.
ყოველდღიურობისადმი, როგორც ხელოვნებისადმი მიდგომა და რეპუტაციის კონტროლი საჭიროებს სუბიექტური სამყაროს ისეთ აღწერას, რომელსაც ექნება პრაგმატულობის გარკვეული ხარისხი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით უმჯობესია სუბიექტური სამყაროს ის ნაწილი რომელიც, იმყოფება ერთი მოცემული სუბიექტის ეგოს საზღვრებში განიხილებოდეს როგორც ტერიტორია. ამ მიზეზით იგი შეიძენს სახელს - სუბიექტური ტერიტორია.
ცდილობს რა, იყოს არსებული სოციალური ქსოვილის ფუნქციონირებადი უჯრედი, ადამიანი იცავს საკუთარ სუბიექტურ ტერიტორიას ქცევითი და ენობრივი შაბლონებით. სუბიექტური ტერიტორიის საზღვრების დაცვის ამ პროცესს დიდიხანია საშინელი ინერცია აქვს აღებული. ის ამ ტერიტორიაზე ცვლილებების შეტანის ყველა გაცნობიერებულ შანსს ბლოკავს.
აკრძალულია იმ მცენარეული ან ფარმაცევტული საშუალების თავისუფალი გამოყენება, რომლებიც ეხმარებიან ადამიანებს გადასცდნენ ამ საზღვრებს. არსებობენ სუბიექტები, რომლებიც ხვდებინ, რომ იკრძალება არა უშუალოდ ნივთიერების გამოყენება არამედ პირადი სუბიექტური ტერიტორიის მოდელის გაცნობერებული და მიზანმიმართული რედაქტირება.
რეალობის ა რ ა ე რ თ ა დ ე რ თ ო ბ ი ს გაცნობიერების გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯებს თან ახლავს შიში, გარკვეული ემოციური დისკომფორტი და განსხვავებულობის კომპლექსი. ადამიანში ჩნდება აგრესია და გაბატონებული რეალობისადმი შეწინააღმდეგების სურვილი. ეს პროცესი თავს იჩენს მოზარდებში, რომლებმაც აღმოაჩინეს, რომ მშობლებს და მათთან ერთად მთელ სამყაროს არ უნდათ ისინი მიიღონ როგორც პ ი რ ო ვ ნ ე ბ ე ბ ი ანუ პერსონალური სუბიექტური ტერიტორიის ერთპიროვნული მმართველები.
საქართველოში ამ პრობლემის სიმწვავის ხარისხი მართლაც განსაკუთრებულია. პროტესტის ამ გრძნობას ადამიანი მიჰყავს თავისუფლებისკენ მიმავალ გზაზე, მაგრამ ამ გზაზე ისინი ხვდებიან ძალიან ბევრ პირობით აღნიშვნას, მიმზიდველ, ნათელ რეკლამას, და სხვადასხვა შემოთავაზებას. მათ შორისსაა საერთო სუბიექტურ სივრცეში ღრმად დამკვიდრებული მისაბაძი მამაკაცურ შოვინისტური არქეტიპები, ავტორიტეტები და მათი ხატები: წარმართულ როკენროლური, ქუჩის კრიმინალურ იერარქიული, რელიგიური, ასკეტური, პოლიტიკურ დომინანტური, ნაციონალურ ტრადიციად მონათლული ლოთურ-ჯიგრული და ა. შ.
ერთადერთი აუცილებელი რეალობის შეგრძნებისგან გათავისუფლებული სუბიექტი ადვილად შეიძლება მოხვდეს მომდევნო აუცილებელ რეალობაში. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა იმის ცოდნა, რომ რეალობა რომელშიც იმყოფები არის შენი სუბიეტური ტერიტორია. შენ ყოველთვის შეგეძლო და შეგიძლია მისი საზღვრების რედაქტირება შენი მიზნების, ყველაზე ღრმად დამარხული სურვილების, სიამოვნების და იდეალების შესაბამისად.

1. თვითონ სამყარო უზომოდ დიდია ვიდრე შენი ან სხვისი სუბიექტური ტერიტორია.
2. არაა აუცილებელი ვინმეს დაუპირისპირდე ან ახლოს მიეკრა შენთან მსგავსების ილუზორული იდეის გამო. სამყაროში ყველაფერია იმისთვის, რომ საკუთარი ნამდვილი ექსტაზი უზრუნველყო.
3. ხვდები რა უცხო რეალობაში, გამოიმუშავებ ახალ შაბლონებს. ამ რეალობაში რჩები მანამ, სანამ ახალი ქცევითი და სიტყვიერი შაბლონების ათვისება გსიამოვნებს. აუცილებლად დაიტოვე საკმარისი ენერგია საჭიროების შემთხვევაში ობიექტური რეალობისგან თავის დასაღწევად.

სუბიექტური ტერიტორია წარმოადგენს სიმბოლოთა გარკვეულ თანმიმდევრობას.

სუბიექტური ტერიტორიის შედგენისას სიმბოლოთა თანმიმდევრობა ლაგდება 5 ძირითად დონეზე.

1. პიროვნების იდენტიფიკაცია - მოდელირების ეს დონე ერთი მხრივ განსაზღვრავს მომდევნო 4 დონის ფორმას და მეორეს მხრივ მასში განზოგადებულია ყველა მათგანის შინაარსი. იგი გამოითქმის ერთი სიტყვით, ნომინალიზებული ტერმინით, რომლითაც აღინიშნება თუ ვ ი ნ არის სუბიექტური ტერიტოორის განმკარგავი.
2. წარმოდგენების და ვარაუდების სისტემა - წესების, აკრძალვების და დაშვებების სია. რომელიც სუბიექტურ ტერიტორიაზე ჩატვირთულია როგორც მემკვიდრეობითი, სოციალური პროგრამირების შედეგად, ასევე პირადი გამოცდილების შესაბამისი - ენობრივი განზოგადებითაც.
3. უნარები - პროგრამები რომლებიც შეიძლება აღმოჩნდეს სუბიექტურ ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც გაივლის წარმოდგენების და ვარაუდების სისტემის ცენზურას.
4. ქცევა - პროგრამები რომლებიც შეუფერხებლად მოქმედებენ და მიდიან გარკვულ შედეგამდე.
5. გარემო - კონტექსტი რომელიც იწვევს ამა თუ იმ ქცევის - პროგრამის გაშვებას ან დაბლოკვა დახურვას.

თითოეული ამ დონის პროგრამირებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია პროგრამისტის 3 შესაძლო პოზიცია

1. პოზიცია, როცა მოქმედებ საკუთარი იდენტიფიკაციის საზღვრებში, შეიგრძნობ საკუთარ სხეულს ხედავ საკუთარი თვალებით და გესმის საკუთარი ყურებით.
2. პოზიცია, როცა აღწერ სხვის(ან საკუთარი თავის ოღონდ გარე პოზიციიდან) მოქმედებას, ხედავ მის რეაქციებს, გესმის მისი ხმა, და ცდილობ იგრძნო ის, რასაც გრძნობს სხვა.
3. ნეიტრალური დამკვირვებლის პოზიცია, მეტა პოზიცია საიდანაც აკვირდები სხვათა ურთიერთდამოკიდებულებაში მიმდინარე პროცესის მიზეზებს და შედეგებს.

პირველი ემოციური დისკომფორტი თავს იჩენს, როცა სუბიექტურ ტერიტორიაზე იდენტიფიკაციის ფორმა ვერ უთავსდება გარემოს. მსგავსი რამ ხშირად ემართება მოზარდს, რომელიც უკვე შეუდგა საკუთარი სუბიექტური ტერიტორიის პროგრამირებას იდენტიფიკაციის დონეზე, მაგრამ მისი ახლებური კოდი არათავსებადია ოჯახის(მეტა-იდენტიფიკაციის) მიერ უზრუნველყოფილ გარემოსთან.

1. ნეიტრალური დამკვირვებლის პოზიციიდან ეს არის ორი იდენტიფიკაციის კონფლიქტი. განსხვავება ისაა რომ იდენტიფიკაცია-პიროვნებაში შედის ერთი ადამიანი და შეძლებისდაგვარად ესაა მისი პირველი ნაბიჯები საკუთარი სუბიექტური ტერიტორიის მართვის საქმეში, ხოლო იდენტიფიკაცია-ოჯახი წარმოადგენს ადამიანთა ჯგუფის როგორც ერთ პიროვნების მეტა-იდენტიფიკაციას, ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ჯგუფს "ხორციელი" ლიდერით რომელიც პასუხისმგებელია ჯგუფის შიგნით რეალობის შეგრძნებაზე. (ადამიანთა ჯგუფის როგორც ერთი პიროვნების განხილვა უფრო ადვილია, მესამე - ნეიტრალური დამკვირვებლის პოზიციიდან.)
2. კრიტიკული პოზიციიდან ეს ხშირად არის სწორი ან არასწორი აღზრდის, მოპყრობის და ა. შ. ანუ წარმოდგენების და ვარაუდების სისტემის პროგრამირების შედეგი.
3. პირველი პოზიციიდან ამ შემთხვევის განხილვა შეიძლება, თუ თქვენ წარმოადგენთ მოცემული სისტემის კონკრეტულ ნაწილს, ხართ აღმზრდელი მამა, რომელიც საკუთარ იდენტიფიკაციას აიგივებს ოჯახის რეალობასთან და რეპუტაციასთან, ან თავისუფლებისთვის მებრძოლი შვილი რომელიც უპირისპირდება ყველას და ყველაფერს რაც ხელს უშლის საკუთარი სუბიექტური ტერიტორიის სრულუფლებიან რედაქტორად გახდომაში.
ტრანზაქტული ანალიზი(ერთ-ერთი ფსიქოთერაპევტული სკოლა ამერიკაში) პირდაპირ ითვალისწინებს ადამიანის შიგნით 3 შესაბამისი პიროვნების არსებობას.

პიროვნება - ეგო, საბოლოო ჯამში არის მხოლოდ და მხოლოდ ლინგვისტური მოვლენა - სუბიექტური ტერიტორიის პროგრამირების ერთერთი დონე. ამ პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის პირველი დოზები სუბიექტური ტერიტორიის რუკაზე არის სერიოზული ფსიქო-ემოციური დისკომფორტის მიზეზი, ადამიანთა უმეტესობა უარს ამბობს ამ "საშინელების" გაცნობიერებაზე და თანახმაა შეასრულოს ნებისმიერი როლი რომლის შესრულებასაც მისგან ითხოვს გარემო. ოღონდაც ის ნუ იქნება დაკავებული იმ საპასუხისმგებლო საქმიანობით, რასაც მარტივად, რომ ვთქვათ პერსონალურ სუბიექტურ ტერიტორიაზე მეფობა ჰქვია. ადამიანთა მეორე ჯგუფი მიდის გარკვეულ რისკზე, ისინი ცდილობენ საკუთარი იდენტიფიკაციის და პიროვნების სოციალურ დე(რე)-პროგრამირებას, მიუხედვად იმისა, რომ ამ საქმიანობის პირველი პირობაა მიიღო "პიროვნება" როგორც ტერმინი და მეტი არაფერი. ასეთი მიდგომის შედეგად ადამიანთა მსგავსი ჯგუფი ქმნის იდენტიფიკაციის პროგრამირების ისეთ საშუალებებს, რომლებიც თანაბრად აკმაყოფილებენ პერსონალური სუბიექტური რუკის რედაქტორების "სულიერ" და სოციალურ მოთხოვნებს.

ასეთებია

მოგზაური
არალეგალური კოსმონავტი
დრიმჰაკერი
კიბერ მაგი
კიბერპანკი
სუბიექტური ტერიტორიის რედაქტორი

და ა. შ.

სუბიექტური ტერიტორიის ხედვა საშუალებას იძლევა ყველაზე ბანალური და ყოველდღიური პიროვნებებსშორის ურთიერთობა გაანალიზდეს, როგორც ურთიერთობა სრულყოფილ სამყაროებს შორის.
ვინც აცნობიერებს სუბიექტური სივრცის პროგრამირების შესაძლებლობას ხედავს მეტ განზომილებიან სამყაროს ვიდრე ადამიანი რომელიც სარგებლობს ავტომატური სოციალური პროგრამირებით.

ავტომატურ სოციალურ პროგრამირებას ჩვენ ქვეყანაში საფუძვლად უდევს ძლიერი პროგრამისტების მიერ ძველად შედგენილი სუბიექტური სივრცის რუკა რომელიც დღესაც აერთიანებს ადამიანთა დიდ ჯგუფს. იგი ამ ჯგუფისთვის განსაზღვრავს

მაგალითად:

იდენტიფიკაციას - საქართველო

წარმოდგენების და ვარაუდების სისტემას - აკრძალვების და დაშვებების გრძელი სია რაც მიესადაგება იდენტიფიკაციას - ქართველები. დღეისათვის დომინირებს მამაკაცურ-შოვინისტურ-მონოთეისტური.

უნარებს მაგალითად - ნაციონალურ ტრადიციებად მონათლული რიტუალების მონოტონური გამეორება. შესაბამისად პოსტ პოლიტიკურ-ტერიტორიალურ-მუსკულატურული არსებობის ზღვარზე მერყეობა.

ქცევას - უფრო ხშირად წარუმატებელი თავდაცვითი ტერიტორიალურ დომინანტური ბრძოლების წარმოება, დროდადრო კი წარმატებულისაც. ნებისმიერი ინდივიდუალური - პოსტ სოციალური, პოსტ პოლიტიკურ-ტერიტორიალურ-დომინანტური ცნობიერების იგნორირება და ბლოკირება.

გარემოს განწყობას - სუსტი სუბიექტი ელოდება როდის გადაიქცევა საქართველო ნარჩენებად საიდანაც რაიმე მასაც შეხვდება, ძლიერი სუბიექტი ცდილობს მის გაერთიანებას და მასზე პოსტ-ნაციონალურ მედია-სინოპტიკურ დომინირებას.

ერთიანი სუბიექტური ველის ეს ხუთივე დონე არის მოუქნელი, ერთმანეთთან კონფლიქტური, თანამედროვე მსოფლიოს პოსტნაციონალურ - კორპორაციულ მმართველობასთან არათავსებადი, მმართველობის ამ სისტემებისთვის ადვილად პროგნოზირებადი, კარგად ნახმარი და შინაარსისგან დაცლილი.
წარმოდგენების და ვარაუდების სისტემა არ შეიცავს ფორმულებს, რომელთა მეშვეობითაც მოცემული მოდელის რიგით მხარდამჭერს უფლება ექნება ამავე მოდელში ცვლილებების შეტანის, ეს არის მკაცრი ავტორიტარული სისტემა. მისი სუბიექტურ მოდელად გამოცხადება კი საერთოდ მკრეხელობაა. რაც ავტომატურად გამორიცხავს მასში ნებისმიერი სახის ცვლილების შეტანას.

მიუხედავად იმისა რომ პერსონალური სუბიექტური სივრცის დე(რე)პროგრამირების შესაძლებლობა ტოტალურად იგნორირდება, არსებული სოციალური ქსოვილი როგორც სისტემა იძულებულია ისეთი ხერხებით დააპროგრამოს სოციალური ქსოვილი, რომელიც ეწინააღმდეგება ამავე სისტემის წარმოდგენების და ვარაუდების დონეში ჰუმანიზმთან დაკავშირებულ აკრძალვების და დაშვებებს.

როგორც ზემოთ ითქვა იდენტიფიკაციის დონეზე პროგრამირება არის გარკვეული ემოციური დისკომფორტის მიზეზი, იგივე შეიძლება ითქვას პირიქითაც.

ფსიქო-ემოციური და ნებისმიერი დისკომფორტი შეიძლება გამოყენებულ იქნას და აქტიურად გამოიყენება სისტემის მიერ, როგორც იდენტიფიკაციის დონეზე პროგრამირების ერთერთი მეთოდი.

თუ კარგად გაიაზრებთ წინდადება - "ადამიანი წყობიდან გამოვიდა" გულისხმობს, რომ "იდენტიფიკაციის დონის პროგრამული უზრუნველყოფა სუბიექტურ ტერიტორიაზე კონფლიქტშია პროგრამირების ერთერთ სხვა დონესთან"

ნებისმიერი სახის შეურაცყოფა, როგორც მოვლენა მიმართულია სუბიექტურ ტერიტორიაზე იდენტიფიკაციის დონის პროგრამირებაში ცვლილების შეტანისკენ. ასეთი ცვლილებების გამოსაწვევად შემუშავებულია ზემოქმედების უამრავი ხერხი ქცევის მოდიფიკაციის საიდუმლო სახელმწიფო პროექტები(მაგ. ამერიკული მკ-ულტრა), ადამიანის ჩაშვების(გაფუჭების) სისტემა ციხეებში, რეჟიმი სახელმწიფო არმიაში, ქუჩის კრიმინალური იერარქია, ოჯახურ-დომინანტური არანორმატიული ლექსიკა და ა.შ. პროგრამირების ეს მეთოდები უხსოვარი დროიდან ემსახურება სოციალურ ქსოვილში ტოტალურად სტაბილური რეალობის შეგრძნებას - ყველამ თავის ადგილი უნდა იცოდეს.

მიუხედავად ამისა ადამიანთაგან ზოგიერთს სულაც არ მოსწონს ის ადგილი, რომელიც მას "სხვებმა" მიუჩინეს. ფაქტია, როცა ქუჩაში გამოდიხარ არ გსიამოვნებს ირგვლივ დაყრილი ნაგავი, არ გსიამოვნებს ავტომებილების მძღოლების მიერ მოძრაობის წესების იგნორირება. რა ვქნათ, როცა საქართველო თავისუფალი იყო მაშინ ავტომობილები არ არსებობდა და არცერთ ქართველ მეფეს არაფერი აქვს ნათქვამი ავტომობილთა მოძრაობის წესებზე. შეიძლება ვინმეს სასაცილოდ მოეჩვენოს, მაგრამ იმ ადამიანისთვის ვინც კარგად აცნობიერებს და ხედავს სუბიექტური სივრცის გავლენას, შეამჩნევს, რომ ეს ქართველებისთვის მძლავრ ფაქტორს წარმოადგენს. წარმოდგენების და ვარაუდების სისტემაში იგი ასე ჟღერს: "ჩვენ უნდა დავიცვათ მხოლოდ ქართული ტრადიციები". როგორც ცნობილია გარკვეული ინსტიტუტები დღესაც სერიოზულად მუშაობენ საქართველოსთვის მეფის "შექმნაზე".

უსიამოვნების ასეთი შეგრძნება არის პირველი მიზეზი, რის გამოც ადამიანი იწყებს მეტა სისტემის მიერ მისთვის მინიჭებული იდენტიფიკაიციის(ქართველი) გადახედვას, ადამიანთაგან უმრავლესობა შემოიფარგლება უკმაყოფილების გამომხატველი რამდენიმე ბანალური ფრაზით, რომ ძველებურად გააგრძელოს იმავე ნაგავში ცხოვრება. ზოგიერთი ხდება რადიკალურად დასავლურ რეალობაზე პასუხისმგებელი მეტა-იდენტიფიკაციის ან არქეტიპის მიმბაძველი ნაწილი. ადამიანთა ძალიან მცირე ჯგუფი ახერხებს დაინახოს სუბიექტური სივრცის პროგრამირებაში შეცდომები და აქედან კიდე უფრო ცოტა ახერხებს ალტერნატიული პროგრამირების შემუშავებას. ისეთის, რომელიც მეტა სისტემისადმი სამართლიანი და აგრესიული პროტესტის გრძნობის მიუხედავად გაითვალისწინებს ძველი პროგრამისტების მიზნებს. მასთან შეათავსებს ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას.

გარკვეული ეკოლოგიურ-მორალური მოსაზრებების გათვალისწინებით უმჯობესია ახალ პროგრამულ უზრუნველყოფაში ინდივიდებისთვის მისაწვდომი იყოს მონაცემები, ინსტრუმენტები და იდეები მეტა-პროგრამირების შესახებ. იქნებ სწორედ სუბიექტური ტერიტორიის მოდელირება წარმოადგენს ჩვენს ეროვნულ მისიას. ყოველ შემთხვევაში დიდია ალბათობა, რომ საკითხის მსგავსი ფორმულირება ქართულ მოსახლეობაში გამოიწვევს საჭირო ძვრებს.

ვინმემ უნდა დაინახოს სუბიექტური სივრცე. უფრო მეტიც სუბიექტური სივრცე უნდა დაინახოს ადამიანთა ჯგუფმა. ერთი ადამიანის დანახული სუბიექტური ტერიტორიის მოდელი არაფერს ნიშნავს. საჭიროა ჯგუფი, ახალი თვითიდენტიფიკაციით, რომელიც გაიზიარებს რელობას გარკვეული მიზნით და ვიდრე ამ მიზნის ამოწურვამდე.

პირადად ამ ტექსტის ავტორის მიერ შემოთავაზებული ახალი პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს შემდეგს

1. იდენტიფიკაცია:

პოსტ სოციალური ქსოვილი

2. წარმოდგენების და ვარაუდების სისტემა:

არსებობს ცვალებადი, მოქნილი სუბსტანციის სქემა, რომელშიც ჯდება ნებისმიერი ადამიანის შინაგანი სამყარო.
ყველა უსიამოვნო შედეგი რომელიც აისახება გარემოზე არის შინაგან ასოციაციაციებს შორის კონფლიქტის შედეგი.
შესაძლებელია ამ ასოციაციების გადაპროგრამება და შეცდომების გასწორება.
თითოეული პიროვნების შინაგანი კონფლიქტი, ან პიროვნებებსშორის კონფლიქტი შეიძლება გადაიქცეს შეთანხმებად იმ შემთხვევაში თუ გ ა ც ნ ო ბ ი ე რ ე ბ უ ლ ი იქნება კონფლიქტის ყველა მხარისთვის მისაღები შედეგი.

3. უნარები:

სუბიექტური ტერიტორიის პროგრამირებისთვის საჭირო ტერმინოლოგიის ათვისება.
გარემოს თვითნებური შერჩევა.
საჭიროების შემთხვევაში ახალი სასურველი გარემოს შექმნა.
არსებულ გარემოსთან ადაპტაცია - რეპუტაციის კონტროლი.

4. ქცევა:

საკუთარი და (ნებართვის შემთხვევაში)სხვისი სუბიექტური ტერიტორიის პროგრამირება.
სუბიექტური სივრცის პროგრამირებისთვის საჭირო ტერმინოლოგიის გავრცელება ადამიანთა შესაბამის ჯგუფებში.

5. გარემო:

ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მაღალი ხარისხით ითვალისწინებს ხედავს და იყენებს ინდივიდუალურ სუბიექტურ ფაქტორს როგორც ამუწურავ რესურსს

ავტორი მის მიერ შემოთავაზებულ პროგრამულ უზრუნველყოფას თვლის ღია კოდად, რის გამოც ნებისმიერი შენიშვნა ან ფორმულირების ალტერნატივა მის მიერ მიღებული იქნება დიდი სიხარულით.

P. შ. მოცემული ტექსტი წარმოადგენს მცდელობას - ადამიანთა გარკვეულ ჯგუფს გაუადვილდეს წარმოდგენა, როგორ ფუნქციონირებს ინდივიდის და ინდივიდთა ჯგუფის სუბიექტური სამყარო, რამდენად მძლავრია მისი გავლენა, როგორც ინდივიდის ისე ინდივიდთა ჯგუფის ქცევაზე და გარემოზე, რომელსაც ისინი ქმნიან.