”მეთითქმისმივაღწიეჩვენისამყაროსკიდეს, დავნახესაგნები,ისეთი,როგორიცარიანისინი სინამდვილეში. სრულიადგანსხვავებულიიმისგან, როგორსაცმათჩვენთვის აკეთებენ. ჩვენთვისსასარგებლოდ...”
ფილიპდიკი. ” Time Out of Joint”
”დრო უმნიშვნელოა, მხოლოდ სიცოცხლეს აქვს მნიშვნელობა”
ლუკ ბესონი, ”მეხუთე ელემენტი”
”ოდესღაც ჩვენ ზღვის ორგანიზმები ვიყავით და წყალქვეშ ვცხოვრობდით. აკვარიუმის ტყვეობაში მოქცეულნი, ვცდილობდით ზღვის ზედაპირის მიღმა გაგვეხედა და განგვეცადა თუ რამდენად დიდი იყო სამყარო, რომელიც ზევით გველოდებოდა”
ტიმოთი ლირი, ”ღმერთის შვიდი ენა”
ბავშვობაში მაინტერესებდა თუ რას განიცდიდა ქრისტეფორე კოლუმბი, როდესაც ფეხი სან სალვადორის მიწაზე დადგა. მაინტერესებდა ორი საუკუნის შემდეგ რას განიცდიდნენ პირველი კოლონისტები, როდესაც ველური დასავლეთის დაპყრობა დაიწყეს. ჩემს წარმოსახვაში ცოცხლდებოდა ათასობით კილომეტრზე - ტეხასიდან ჩრდილოეთ დაკოტამდე გადაჭიმული ფრონტირის ისტორია, რომელიც ნელ-ნელა დასავლეთისკენ მიიწევდა, უკან კი ათვისებულ და ველურ უმანკოება დაკარგულ მიწას ტოვებდა. მათი გზა სისხლით და ოფლით იყო გაჟღენთილი და ბურუსით მოცულ ჰორიზონტისკენ მიისწრაფვოდა. კოლონისტების თითოეული ნაბიჯი ქაოსის სამეფოს გამოგლეჯილი მიწის კიდევ ერთ ნაგლეჯს ჩუქნიდა ცივილიზაციას, მაგრამ მალე ისევე როგორც ყველაფერი მათ მიერ უკვე მრავალჯერ განცდილი თავის იდუმალ ხიბლს კარგავდა და ბანალურ ყოველდღიურობად იქცეოდა. ხიფათს და თავგადასავლებს მოწყურებულნი კი კვლავ იყრებოდნენ და ახალ ავანტურისტებთან ერთად წინ, სამყაროს კიდისკენ მიემართებოდნენ.
მიუხედვად ჩრდილოამერიკელი აბორიგენების მაღალგანვითარებული სულიერი კულტურისა, ტერიტორიები რომლებიც თეთრკანიანი მოსახლეობის კონტროლს არ ექვემდებარებოდა მოკლებული იყო ევროპული ცივილიზაციისთვის დამახასიათებელ ინფრასტრუქტურას და წესრიგს. ფრონტირი იყო საზღვარი წესრიგსა და ქაოსს შორის. ადგილი სადაც ერთმანეთს ველური სამყარო და ცივილიზაცია ხვდებოდა. სადაც მხოლოდ შეუპოვარ და ენერგიით აღსავსე პიონერებს ძალუძდათ ცხოვრება.
ალბათ არცერთი ქვეყნის ისტორიაში კოლონიზაციას და ფრონტირს არ უთამაშია ისეთი როლი, როგორც ეს ამერიკის ისტორიაში მოხდა. ამერიკელმა ხალხმა თავისი თვითიდენტიფიკაცია ფრონტირს დაუკავშირა. მაგრამ გარდა ამისა ფრონტირი ის დროებითი ავტონომიური ზონა იყო, სადაც ცივილიზებულ ადამიანს შეეძლო თავისუფლად ამოესუნთქა და მცირე თავდასხმები განეხორციელებინა ველურ სამყაროზე. სამყაროზე რომელიც თავისი სპონტანური ბუნების გამო მას იმ ახალ განცდებს ჩუქნიდა, რომლებიც მოწყენილ ბებერ ევროპაში განუხორციელებელი ოცნება იყო. სწორედ ამ განცდების მოლოდინმა, ავანტიურისტულმა სულმა აიძულა მათი უმრავლესობა მიეტოვებინა ჩვეული წყნარი და ნაცრისფერი ცხოვრება, ცხოვრება სადაც თითოეულ მათგანს ზუსტად შეეძლო განესაზღვრა თუ რა ელოდა წინ და გადაეცურა ოკეანე უზარმაზარ დაუნდობელ ზვირთებს მინდობილი ხომალდებით. შერკინებოდა მიწას, რომელსაც მანამ არ ენახა მიწათმოქმედი ადამიანი ხელი, საცალფეხო ბილიკების ნაცვლად გზები გაეკვალა და პირისპირ დამდგარიყო იმ რეალობის წინაშე, სადაც არავინ უწყოდა რა ურჩხული დაესხმებოდა თავს უდაბურ ტყეებში თუ ხეობებში, სადაც მხოლოდ განგების და საკუთარი მოხერხებულობის იმედი შეეძლო ჰქონოდა.
მე-20 საუკუნე იმით გახდა აღსანიშნავი, რომ ადამიანმა ბოლო თეთრი ლაქა გააქრო პლანეტის რუკიდან. ამიერიდან აღარ არსებობდა ტერიტორია, რომელიც არავის არ ეკუთვოდა, მიწის ნაგლეჯი, სადაც ცივილიზებულ ადამიანს ფეხი არ დაედგა. გაქრა ფრონტირი რომელიც ქაოსისა და წესრიგის არა მარტო გამყოფი, არამედ დამაკავშირებელი ხიდი, ერთგვარი ნეიტრალური ტერიტორია იყო. ალბათ მათ ვინც გადალახა ეპოქის ეს რუბიკონი, დაახლოებით იგივე განცდა უნდა ჰქონოდათ, როგორიც მე, როდესაც მივხვდი რომ ბავშვური ოცნებები სამყაროს ირგვლივ მოგზაურობაზე ახალი უკაცრიელი და შეუბღალავი კუნძულების აღმოსაჩენად განუხორციელებელი იყო. ეს სწორედ ის უძლურობის და უსამართობის განცდა იყო, რომელზეც ჰაკიმ ბეი წერდა: ”ნუთუ ჩვენ განწირულნი ვართ ვერასდროს გამოვცადოთ ავტონომია, არასდროს, თუნდაც ერთი წამითაც არ დავდგათ ფეხი მიწას, რომესაც მხოლოდ თავისუფლება მართავს? ნუთუ ჩვენ მხოლოდ წარსულზე ნოსტალგია და მომავალზე ოცნება დაგვრჩა?”
ალბათ სწორედ ამ განცდამ აიძულა ციოლკოვსკი კოსმოსში მოგზაურობაზე ეოცნება, პირველი ასტრონავტები კი უახლოეს კოსმოსურ სივრცეში გაჭრილიყვნენ და სხვა ციური სხეულების კოლონიზაციაზე დაეწყოთ ფიქრი.
თუმცა ადამიანის გონმა სულ სხვა ადგილას აღმოაჩინა Terra incognita. იქ სადაც ადრე მხოლოდ ფილოსოფოსები და მისტიკოსები გრძნობდნენ თავს ლაღად. გლობალური საინფორმაციო ქსელი ახალ ველურ დასავლეთად, ახალ ფრონტირად გადაიქცა მათთვის, ვისთვისაც სიახლის განცდა პირველადი ინსტინქტია.
უფრო ღრმა წარსულში თუ ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ გლობალური ქსელი, როგორც თვითგანვითარებადი საინფორმაციო სტრუქტურა მაშინ ჩაისახა, როდესაც პირველყოფილმა ადამიანებმა ინფორმაციის გაცვლა დიდ მანძილებზე დაიწყეს. პირველი სასიგნალო კოცონები თუ დოლების ენა ინტერნეტის უძველესი წინაპარია. თუმცა მაშინდელი საინფორმაციო ტექნოლოგიები ინფორმაციის შენახვის და გადაცემის მწირი რესურსების გამო უფრო ინსტრუმენტალური საშუალება იყო ვიდრე Ding an sich.
მაგრამ თუ კაცობრიობის მთელ ისტორიას ამ პარადიგმაში განვიხილავთ, ის წარმოგვიდგება როგორც საინფორმაციო სივრცის მშენებლობა, რომელიც არა მარტო გაკვეული ინფორმაციის დაგროვებას, არამედ მისი ანალიზის და ურთიერთკავშირების შექმნით ინფორმაციისაგან ინფორმაციის წარმოებას და თვითგანვითარებას ნიშნავს. საუკუნეების განმავლობაში ეს კაცობრიობის მთავარი საქმიანობა იყო საკუთარი თავის გადარჩენასთან ერთად.
ნელნელა ვითარდებოდა როგორც ინფორმაციის შენახვის, ასევე მისი გადაცემის და დამუშავების ტექნოლოგიები. მოხეტიალე მთხრობელები წიგნებმა შეცვალა. გუტენბერგის რევოლუციამ საშუალება მისცა ამ ცოდნის რაოდენობა და გავრცელების არეალი ხარისხობრივად გაზრდილიყო. ნელ-ნელა ერთეული პიროვნებების აღქმაში ყოველივე ეს ფორმას იძენდა და სახიფათო მაგრამ მომხიბვლელი მოჩვენების სახით ევლინებოდა მათ. მოჩვენების, რომლის საცეცეები პლანეტას იყო შემოჭდობილი და ადამიანების წარმოსახვით საზრდოობდა. ტექნოლოგიურმა რევოლუციამ კი, რომელიც ელექტროენერგიის გამოყენებით ტელეგრაფით ინფორმაციის გადაცემით დაიწყო და ბოლოს გლობალურ ციფრულ საინფორმაციო ქსელამდე მიგვიყვანა, ამ მოჩვენებას ფიზიკური სხეული შესძინა.
დღეს ამ ქსელის საშუალებით თითქმის რეალურ დროში შეგვიძლია მივიღოთ ინფორმაცია პლანეტის ნებისმიერი კუთხიდან. ამ ქსელში თავმოყრილი ცოდნა თითქმის უტოლდება კაცობრიობის ხელთ არსებულს. თითოეული ჩვენგანისთვის ხელმისაწვდომია ინფორმაციის დამუშავების საშუალებები. დღეს ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ იმაზე გაცილებით მეტი ცოდნა, ვიდრე კაცობრიობას შეუქმნია საუკუნეების მანძილზე. მაგრამ ყველაზე მთავრი ალბათ ისაა, რომ ამ ქსელმა დაგვანახა საინფორმაციო სივრცის განვითარების თითქმის უსაზღვრო პერსპექტივა და ამით დააბრუნა ბავშვობისდროინდელი რწმენა, რომ წინ კიდევ ბევრი გვაქვს შესაცნობი და განსაცდელი.
დღეს ახალი ფრონტირი ამ სამყაროში გადის და ერთმანეთისგან ყოფს მოწესრიგებულ რეპრესიულ ინსტიტუტებს დამორჩილებულ ინფორმაციას და მწყობრში ჩამდგარ ტრანზაქციებს იმ პოტენციურ შესაძლებლობებისაგან, რომლის აღმოჩენაც საინფორმაციო ქაოსში წინ გველოდება.
ინფორმაციის დიგიტალიზაციამ გამოაღვიძა მივიწყებული სურვილი გაუზიარო საკუთარი სიმდიდრე სხვას. საგნობრივ სამყაროში გაზიარება ყოველთვის დანაკარგს გულისხმობდა. ციფრული ინფორმაცია კი ისე შეიძლება გაუზიარო სხვას რომ არაფერი დაკარგო უნიკალური ინფორმაციის ფლობის უპირატესობის გარდა. ამიტომაცაა, რომ საინფორმაციო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიები დღემდე უშედეგოდ ებრძვიან ინფორმაციულ მეკობრეობას. დღეს ხომ თითოეული ჩვენთაგანი შეიძლება გახდეს მხიარული როჯერის დროშის ქვეშ მებრძოლი, თუ შეეცდება ეჭვის ქვეშ დააყენოს ვინმეს განსაკუთრებული უფლება გაავრცელოს ესა თუ ის ინფორმაცია. დღეს ძლიან მარტივია შენს მეგობარს სოციალური თუ P2P ქსელიდან საყვარელი სიმღერა, ახალი ფილმი თუ შენი სამაგიდო წიგნი გაუზიარო, და თან ისე, რომ შენ ამით არაფერი დაგაკლდეს.
დღეს უკვე საეჭვოა რა უფრო მნიშვნეოვანია ფლობდე სხვებისაგან დაფარულ ცოდნას, თუ გულუხვის სოციალური სტატუსი გქონდეს. ან უფრო მეტიც, არ ფლობდე არაფერს და იყო თავისუფალი, რადგან ის რასაც სხვას უზიარებ აღარ საჭიროებს მასზე მიჯაჭვას და განთავისუფლებს საკუთარი თავისგან. თუმცა ეს მიდგომა უფრო მისტიციზმთანაა დაკავშირებული და ეხმიანება გნოსტიკურ იდეებს, რომლებიც ასე პოპულარულია ქსელურ საზოგადოებებში. საგულისხმოა, რომ გნოსტიციზმის და ტექნოლოგიების სინთეზმა ახალი ლიტერატურული მიმდინარეობა შექმნა კიბერპანკის სახით, რომლის ავტორების წინასწარმეტყველებებმა გლობალური ქსელის დღევანდელი ფორმით ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.
არ გასულა დიდი დრო ვებგვერდების ბუმიდან, როდესაც თითოეული კორპორაცია, თუ კერძო პირი ინტერნეტში პერსონალურ გვერდებს ქმნიდა, თანამდროვე Web 2 ტექნოლოგიამ კი ბლოგოსფეროს სახით ახალ საინფორმაციო ქაოსს დაუდო სათავე. სულ რაღაც ათიოდე წლის წინ ჩემი პირველი ვებ გვერდი სწორედ ასე, პრიმიტიულ HTML რედაქტორში შევქმენი და ამ ტექნოლოგიის მოუქნელობის გამო კიბერსივრცის ტალღებში მივატოვე. დღეს კი ყველაზე მოუხერხებელმა მომხმარებელმაც კი იცის როგორ შექმნას საკუთარი ვებ-დღიური სადაც საკუთარი თეთრეულის ისტორიიდან დაწყებული ”ატომური განთიადების” მოწყობის ტექნოლოგიებით დამთავრებული ყველაფრის შესახებ შეუძლია ისაუბროს და თან ისე რომ პრაქტიკულად ვერავინ შეზღუდოს მისი მისწრაფება თავისუფალი თვითგამოხატვისკენ. ან შექმნა საიდუმლო კონსპირაციული საზოგადოება, რომელიც დოქტორ ბენვეის მსგავსად ფიზიკური რეალობის წინააღმდეგ ამბოხში მიიღებს მონაწილეობას. მაგალითად ისეთი, როგორებიც იყვნენ Хакеры Сновидения, რომლებიც ფიზიკური რეალობის მატრიცის გატეხვის უძველეს ოცნებას ესწრაფვოდნენ. ან მიხეილ რადუგას მიმდევრები, რომლებიც გლობალური ქსელის ტექნოლოგიების და მაგიური ცოდნის სინთეზის გამოყენებით ახალი მატრიცის შექმნას აპირებენ.
თუმცა არსებობენ ისეთი ჯგუფებიც, როგორიც იყო მაგალითად Heaven's Gate. რომლის წევრები ცნობილი გახდნენ მას შემდეგ, რაც 1997 წელს კოლექტიური სუიციდი მოაწყვეს იმ იმედით, რომ სიცოცხლეს ჰეილ-ბოპის კომეტაზე გააგრძელებდნენ, რომელმაც დედამიწას ჩაუქროლა. თუმცა ეს შემთხვევაც იმას აჩვენებს, რომ გლობალური ქსელი შეიძლება თითოეული პიროვნების ინტერესებს ემსახურებოდეს, რამდენად მიუღებელიც არ უნდა იყოს ისინი საზოგადოების სხვა წევრებისთვის.
დღეს უკვე ინტერნეტი ეჭვის ქვეშ აყენებს ტერიტორიული საზღვრების უნარს შეაკავოს დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ადამიანების უშუალო ურთიერთობა. და ამით უფრო აღვივებს ადამიანების სურვილს ცხოვრობდნენ ღია და გამჭვირვალე პოლიტიკურ სისტემაში. გუტენბერგის რევოლუციამ ელიტარული პოლიტიკური სისტემა იმით დაანგრია, რომ გააუქმა ერთეულების მონოპოლია ცოდნაზე. ინტერნეტ რევოლუცია დაანგრევს ტოტალიტარიზმს იმით, რომ საშუალებას მისცემს თითოეულ ჩვენგანს იპოვოს თანამოაზრე მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. ინტერნეტ რევოლუცია დაუბრუნებს საზღვარს თავის მისტიურ ბუნებას ერთდროულად იყოს გამყოფი და დამაკავშირებელი ბანალურობასა და სიახლეს, წესრიგსაა და ქაოსს, სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. რადგან სიცოცხლე მუდმივ განახლებას, მოძრაობას და სპონტანურობას ნიშნავს. და სად უნდა ვიპოვოთ სიცოცხლის ენერგია თუ არა საზღვრების მიღმა?
დღევანდელი სოციალური ქსელების მომხმარებლები უკვე ვირტუალურ საზოგადოებებს ქმნიან არა მარტო იმისთვის, რომ ერთმანეთს საკუთარი შინაური ცხოველების ანცობაზე ესაუბრონ, არამედ იმისთვის, რომ რეალური ძალისხმევა მოახმარონ კიბერსივრცის გარეთ მათი გარემომცველი სამყაროს შეცვლას. იქნება ეს მცირე სოციალურ-პოლიტიკური გაერთიანებები თუ ”მებრძოლთა კლუბის” მსგავსი კულტურული Jamming-ის ჯგუფები.
ეს ცხოვრებაა სამართებლის პირზე, სახიფათო და მომაჯადოებელი. ცხოვრების წამები, რომლის ინტენსივობა ღირს იმად, რომ დაგავიწყდეს მშვიდი და უზრუნველი სიბერე და გადაეშვა კიბერსივრცის ფსიქოდელურ მოგზაურობაში. მოგზაურობაში რომელიც ერთდროულად მომხიბვლელიცაა და სახიფათოც. ბრწყინვალე და იდუმალებით მოცულიც. მაგალითად ისეთი როგორიც ე.წ. Darknet-ია, ქსელის ”ბნელი” მხარე. ის ბევრისთვის შეიძლება უცნობი იყოს. მაგრამ ამ ჯურღმულებში მრავალი ახალი იდეა იბადება. იდეა თუ როგორ დაუძვრე სახელწიფო თუ სხვა საზოგადოებრივ რეპრესიულ აპარატებს და შეიქმნა საკუთარი, თუნდაც დროებითი, ავტონომიური ზონა.
დღეს ქსელის საშუალებით შეიძლება ახალი ხელოვნების შექმნა, რომელიც თავის სრულყოფას მხოლოდ ქსელში თუ მიაღწევდა. იქნება ეს ხელოვნური ინტელექტის შექმნის მცდელობა რომელიც ახალი ლიტერატურის ნიმეშების გენერაციას დაიწყებს, ბოტი რომელიც ინტერნეტში პერფორმენსებს მოაწყობს, თუ კონვეის Game of Life-ის თვითგანვითარებადი ვირტუალური უჯრედული კოლონიის ცოცხალი სურათი.
ქსელში ხშირად ვპოულობ იმ იშვიათ ნივთებს, რომლებსაც ინტერნეტის გარეშე ძნელად თუ მივაგნებდი. brainpaint.com-ზე სწორედ ამგვარ მოწყობილობებს და პროგრამულ უზრუნველყოფას გადავაწყდი. ტექნოლოგიურმა გარღვევამ სტიმული მისცა ახალი ინტერფეისების შემუშავებას, რომელიც საშუალებას გვაძლევს უფრო მჭიდრო და უშუალო ურთიერთობა გვქონდეს კიბერსამყაროსთან. ნეირონული უკუკავშირის გარნიტურა საშულებას გვაძლევს კომპიუტერი მხოლოდ გონების დაძაბვით ვმართოთ და მისი მეშვეობით შევქმნათ სიურეალისტური ფერწერული ნამუშევრები ან გადავაადგილოთ სივრცეში სხვადასხვა საგნები, მათ შორის მაგალითად გადაადგილების უნარს მოკლებული ადამიანის სავარძელი.
პორტატული გაჯეტები, მობილური ინტერნეტი კიდევ ერთი ნაბიჯია ქსელში ჩვენი ჩართულობის გასაზრდელად. შემდეგი ნაბიჯი იმპლანტანტები და ნანოტექნოლოგიაა, რომლებიც, საშუალებას მოგვცემს ინფორმცია უშუალოდ გავცვალოთ სხვა რეალურ თუ ვირტუალურ არსებებთან, ან თუნდაც იმ ხელოვნურ გონთან, რომელსაც ასეთი ინტერესით და შიშით ელოდება კაცობრიობა.
მომავლის ტექნოლოგიების ენთუზიასტები, მაგალითად ისეთები, როგორიც ტიმ ლირი იყო, სრულიად ფანტასტიკურ პროექტებს გვთავაზობენ. იქნება ეს ცნობიერების მდგომარეობის შეცვლა ქსელთან სიმბიოზის განსახორციელებლად თუ საკუთარი გონის ინტერნეტში გადატანა სიკვდილის შემდეგ.
ამ ელექტრონული ფრონტირის წინა ხაზზე ამოუცნობის პიონერები არიან, ტექნოლოგია მათთვის, ისევე როგორც ოქრო პირველი ამერიკელი ოქროსმაძიებლებისთვის, მხოლოდ საბაბია საკუთარი მოხეტიალე დაუდგრომელი და ინტერესიანი ბუნების რეალიზაციისათვის.
ეს სწორედ ის საზღვარია, რომელიც ჩვეულ სამყაროს უცნობ, ფათერაკებით აღსავსე საინფორმაციო ქაოსიდან გამოყოფს. საზღვარი სადაც ცხოვრება ყოველთვის საინტერესოა, რადგან აქედან ნებისმიერ წამს შემიძლია გადავდგა ნაბიჯი ამოუცნობისკენ და მქონდეს იმედი, რომ სამყარო თავის მომხიბვლელობას არასდროს დაკარგავს.
[გამოქვეყნებული იყო "ცხელ შოკოლადში"
Комментариев нет:
Отправить комментарий